სამი გოჭი

სამი გოჭი
-
   იყო და არა იყო რა. იყო სამი მხიარული გოჭი,  ერთნაირი ვარდისფერი კუდებით: ნიფ-ნიფი, ნუფ-ნუფი და ნაფ-ნაფი.
მთელი ზაფხული მხიარულად გაატარეს.
დადგა შემოდგომა. ცოტა აცივდა.
- მალე ზამთარი მოვა - უთხრა ერთხელ ძმებს ნაფ-ნაფმა. მოდით, სახლი ავაშენოთ და ზამთარი ერთად, თბილ სახლში გავატაროთ.
   ზარმაც გოჭებს არ უნდოდათ მუშაობა. 
-მოვასწრებთ! ჯერ კიდევ არის დრო - თქვა ნიფ-ნიფმა.
-ჯერ ადრე, სახლს ჩემთვის თვითონ ავიშენებ- თქვა ნუფ-ნუფმა.
- მეც  - დაამატა ნიფ-ნიფმა.
- როგორც გინდათ. მაშინ მე მარტო ავიშენებ სახლს, - თქვა ნაფ-ნაფმა- და შრომას შეუდგა.
  ნიფ-ნიფი და ნუფ-ნუფი მთელ დღეებს თამაშში ატარებდნენ, ზამთარი კი ყოველ დღე  უფრო და უფრო ახლოვდებოდა და როცა გვარიანად აცივდა, ძმებმა მხოლოდ მაშინ დაიწყეს სახლზე ზრუნვა.
  ნიფ-ნიფმა  სახლი ლერწმისაგან ერთ დღეში ააგო.

   ნუფ-ნუფმაც ახლომახლო  ტოტებისა და ფიჩხებისაგან აიშენა სახლი. სახურავზე კი  გამხმარი ფოთლები დააყარა.   როცა მორჩნენ ძმები მუშაობას, გადაწყვიტეს ნაფ-ნაფის სახლი მოენახულებინათ.
  ნაფ-ნაფი სახლს რამოდენიმე დღე , ქვებისაგან და თიხისაგან 
აშენებდა. მან სახლს მუხის მძიმე კარი ჩამოკიდა და ურდულიც დაადო, რომ მეზობელი ტყიდან მგელს ვერ შემოეღწია.
   ნიფ-ნიფმა და ნუფ-ნუფმა სახლის დანახვაზე 
გაკვირვებულმა ერთხმად წამოიძახეს – ეს გოჭის სახლია თუ ციხე-სიმაგრე?
 -სახლი ციხე-სიმაგრე უნდა იყოს! – უპასუხა ნაფ-ნაფმა.
   ნიფ-ნიფი და ნუფ-ნუფი უკან დაბრუნდნენ.ნ უცებ მათ დაინახეს ნამდვილი, ცოცხალი მგელი!
ძმებს  ჟრუანტელმა დაუარა და კუდები აუცახცახდათ. საბრალო გოჭები შიშისაგან გაშეშდნენ. ბოროტი მგელი გოჭებს გამოეკიდა, გოჭები უცებ გონს მოვიდნენ,  და თავთავიანთი სახლებისკენ მოკურცხლეს.
   ნიფ-ნიფმა პირველმა მიირბინა თავის ლერწმის ქოხთან, ძლივს შეასწრო შინ და მგელს კარი  ცხვრიწინ მიუხურა.
    მგელმა სული შებერვა დაიწყო. სახლის სახურავიდან აფრინდნენ ლერწმის რტოები, სახლის კედლები აჭრიალდა.
მგელმა მეორედაც შეუბერა სული და როცა მესამედ შეუბერა, სახლის ნარჩენები სხვადასხვა მხარეს გაფრინდა, თითქოს ქარიშხალი დატყდომოდა თავს. ნიფ-ნიფი მოხერხებულად დაუძვრა მგელს ხელიდან, გაიქცა და უმალ ნუფნუფის კართან მიირბინა.
   ძმებმა კარის დაკეტვა ძლივს მოასწრეს, რომ მგლის ხმაც მოისმა:---------------
- ახლა კი ორივეს გადაგსანსლავთ!
ნიფ-ნიფმა და ნუფ-ნუფმა შიშით გადახედეს ერთმანეთს. მაგრამ მგელი ძალიან დაღლილი იყო და გადაწყვიტა ხერხი ეხმარა.
- გადავიფიქრე! – გოჭების გასაგონად განგებ თქვა ხმამაღლა. – არ შევჭამ ამ გაჩხიკინებულ გოჭებს! სჯობს, სახლში წავიდე!
- გაიგონე? – ჰკითხა ნიფ-ნიფმა ნუფ-ნუფს. – თქვა, რომ არ შეგვჭამს! ჩვენ გაჩხიკინებულები ვართ!
- ძალიანაც კარგი! – თქვა ნუფ-ნუფმა და მაშინვე შეწყვიტა კანკალი.
ძმები ძალიან გახალისდნენ და, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, სიმღერა შემოსძახეს:

მგელი ჩვენ რას დაგვაკლებს,
თითსაც ვერ დაგვაკარებს,
რუხი მგელი, ცბიერი,
დადის ტყე-ტყე მშიერი.
მელი კი წასვლას სულაც არ ფიქრობდა. ის უბრალოდ გვერდზე გავიდა და დაიმალა. ძალიან ეცინებოდა, თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ახარხარებულიყო. რა მარჯვედ მოატყუა ეს ორი სულელი, პატარა გოჭი!
როცა გოჭები სავსებით დამშვიდდნენ, მგელმა ცხვრის ქურქი აიღო და ფრთხილად მიუახლოვდა სახლს. კარებთან ქურქში გაეხვია და წყნარად დააკაკუნა.
ნიფ-ნიფი და ნუფ-ნუფი ძლიერ შეშინდნენ.
- ვინ არის? – იკითხეს მათ და კუდები ისევ აუცახცახდათ.
- ეს მე-ე-ე ვარ, საწყალი პატარა ბეკეკა! – დაიწრიპინა მგელმა წვრილი, უცხო ხმით. – შემომიშვით და ღამე გამათენებინეთ, ფარას ჩამოვრჩი და ძალიან დაღლილი ვარ!
- შემოვუშვათ? – ჰკითხა ძმას კეთილმა ნიფ-ნიფმა.
- ბეკეკას შემოშვება შეიძლება! – დათანხმდა ნუფ-ნუფი. – ბეკეკა ხომ მგელი არ არის!
მაგრამ როცა გოჭებმა კარი გამოაღეს, იქ ბეკეკა კი არა, კბილებდაკრეჭილი მგელი იდგა. ძმებმა სასწრაფოდ მიაჯახუნეს კარები და მთელი ძალით მიაწვნენ, რომ საშიში მხეცი არ შემოვარდნილიყო.
მგელი ძალიან გაბრაზდა, გოჭების მოტყუება რომ ვერ შეძლო. ცხვრის ქურქი მოისროლა და დაიღრიალა:
- აბა, დამაცადეთ! ამ სახლისაგან აღარაფერი დარჩება!
და სულის შებერვა დაიწყო. სახლი ოდნავ შეირხა. მგელმა შეუბერა მეორედ, მესამედ, მეოთხედ.
სახურავიდან აფრინდნენ ფოთლები, აჭრიალდნენ კედლები, მაგრამ სახლი ჯერ კიდევ იდგა.
და როცა მგელმა მეხუთეჯერ შეუბერა სული, სახლი დაიშალა, მხოლოდ კარი იდგა რამოდენიმე ხანს ნანგრევებს შორის.
გულგახეთქილი გოჭები თავქუდმოგლეჯილნი გაიქცნენ. შიშისგან მუხლები ეკვეთებოდათ, ყველა ნაკვთი უკრთოდათ, ცხვირები გამოუშრათ. ძმები ნაფ-ნაფის სახლისაკენ გარბოდნენ. მგელი უზარმაზარი ნაბიჯებით მისდევდათ. ერთხელ ნიფ-ნიფს უკანა ფეხშიც კი სწვდა, მაგრამ ის დროულად გათავისუფლა მგლის კლანჭებისაგან და ფეხს აუჩქარა. ფეხს აუჩქარა მგელმაც. ის დარწმუნებული იყო, რომ გოჭები ვეღარ დაუსხლტებოდნენ, მაგრამ არც ამჯერად გაუმართლა.
   გოჭებმა სწრაფად ჩაუქროლეს ვაშლის ხეს ისე, რომ არც შეხებიან, მგელმა კი თავი ვეღარ შეიკავა და პირდაპირ ხეს შეეჯახა; ხიდან უამრავი ვაშლი ჩამოცვივდა. ერთი მაგარი ვაშლი მგელს თვალებს შუა დაეცა და შუბლზე უზარმაზარი კოპი დააჯდა.
ცოცხალ-მკვდარი ნიფ-ნიფი და ნუფ-ნუფი კი ამასობაში ნაფ-ნაფის სახლთან მიიჭრნენ.
ძმამ სახლში შეიყვანა. საბრალო გოჭები ისე შეშინებულიყვნენ, რომ ხმას ვერ იღებდნენ. ნაფ-ნაფი მაშინვე მიხვდა, რომ ძმებს მგელი მოსდევდათ. მაგრამ თავის ქვის სახლში მას არაფრისა ეშინოდა. სწრაფად გადაკეტა ურდული, სკამზე ჩამოჯდა და ხმამაღლა შემოსძახა:

მგელი ჩვენ რას დაგვაკლებს,
თითსაც ვერ დაგვაკარებს,
რუხი მგელი, ცბიერი,
დადის ტყე-ტყე მშიერი.
   მაგრამ ზუსტად ამ დროს კარზე კაკუნი მოისმა.
- ვინ არის? – მშვიდად ჰკითხა ნანფ-ნაფმა.
- ბევრს ნუ ლაპარაკობ! კარი გამიღე! – მოისმა მგლის უხეში ხმა.
- რას მელაპარაკები! არც ვიფიქრებ! – მტკიცედ მიუგო ნაფ-ნაფმა.
- აჰ, ასე ხომ?! აბა, დამაცადე! ახლავე სამივეს შეგსანსლავთ!
- აბა, მიდი! – უპასუხა ნაფ-ნაფმა ისე, რომ სკამზე არც შენძრეულა. მან იცოდა, რომ მტკიცე, ქვის სახლში არც მას და არც მის ძმებს საშიშროება არ ელოდათ. მაშინ მგელმა ღრმად ჩაისუნთქა და სულის ბერვა დაიწყო. მაგრამ რამდენიც არ უბერა, ერთ პატარა ქვასაც ვერ უყო ძვრა. მგელი სულ გალურჯდა. სახლი კი ციხე-სიმაგრესავით იდგა. მაშინ მგელმა კარებს დაუწყო ჯაჯგური, მაგრამ არც კარი დაემორჩილა. გააფთრებულმა მგელმა სახლის კედლების ფხაჭნა და ქვების ღრღნა დაიწყო, მაგრამ ამით მხოლოდ კლანჭები და კბილები დაიმტვრია. მშიერ და ბოროტ მგელს ისღა დარჩენოდა, რომ კუდამოძუებული ტყეში დაბრუნებულიყო. მაგრამ უცებ სახურავზე თვალი მოჰკრა დიდ, განიერ მილს.
- აჰა! აი, ამ მილით მოვხვდები სახლში! – გაუხარდა მგელს. ის ფრთხილად აძვრა სახურავზე და მიაყურადა. სახლში სიწყნარე იყო. „დღეს აუცილებლად შევჭამ ამ გოჭებს“, - გაიფიქრა მგელმა და მილში ჩაძვრა. მაგრამ როგორც კი მილში ჩასვლა დაიწყო, გოჭებმა ხმაური გაიგეს. და როცა ბუხარში ცეცხლზე შემოდგმული ქვაბის სახურავზე ჭვარტლი დაიყარა, ჭკვიანი ნაფ-ნაფი მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე. სწრაფად მივარდა ქვაბს, რომელშიც წყალი დუღდა, და სახურავი გადახადა.
- მობრძანდით! – თქვა ნაფ-ნაფმა და ძმებს თვალი ჩაუკრა. ნიფ-ნიფი და ნუფ-ნუფი უკვე სრულიად დაწყნარებულიყვნენ და ბედნიერი ღიმილით შესცქეროდნენ თავიანთ გონიერ და მამაც ძამიკოს.
გოჭებს დიდხანს ცდა არ დასჭირვებიათ. ბუხრისმწმენდელივით გამურულმა მგელმა პირდაპირ აქვარქვარებულ წყალში მოადინა ტყაპანი. სიმწრისაგან თვალები შუბლზე აუხტა, მთელი კანი დაეფუფქა. საზარელი ბღავილით, მგელი უკან ავარდა სახურავზე, იქიდან ძირს ჩაგორდა, სამ-ოთხჯერ გადაკოტრიალდა, ჩარაზულ კარებთანაც გაგორდა და ტყეში მოკურცხლა.
  სამი ძმა კი, სამი გოჭი, შეჰყურებდნენ და უხაროდათ, რომ ასე მარჯვედ ასწავლეს ჭკუა ბოროტ, ყაჩაღ მგელს.
შემდეგ კი თავიანთი მხიარული სიმღერა შემოსძახეს:

ცის კიდემდე რომ იარო,
მოიარო მთა და ველი,
ჩვენი სახლის მსგავს მაგარ სახლს
ვერსად, ვერსად ვერ შეხვდებით.
არ გვაშინებს ელვა, ქარი,
არც მხეცების გვეშინია,
ჩვენი სახლი ხომ ქვის არის,
ზედ ურდული აყენია.
ამის შემდეგ ძმები მეგობრულად ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ.
    აი, სულ ეს არის, რაც სამი პატარა გოჭის – ნიფ-ნიფის, ნუფ-ნუფისა და ნაფ-ნაფის შესახებ ვიცით.