ფიფქია
-
ულამაზეს სასახლეში ცხოვრობდა ლამაზი გოგონა. მას ფიფქიას ეძახდნენ. გოგონას მარტო მამა ჰყავდა,ქვეყნის ხელმწიფე, დედა კი ადრე მოუკვდა. ხელმწიფემ ცოლის მოყვანა გადაწყვიტა. დედინაცვალი ბოროტი ჯადოქარი აღმოჩნდა, რომელსაც ჯადოსნური სარკე ჰქონდა და ყოველ დილას, როგორც კი გაიღვიძებდა, ამოიღებდა ძვირფასი ზარდახშიდან და ეკითხებოდა: „გრძნეულო სარკევ, მითხარი, დედამიწაზე ჩემზე ლამაზი ვინ არის?“
სარკეც პასუხობდა რომ ამ ქვეყნად დედოფალი იყო ულამაზესი.
ერთ მშვენიერ დილას დედოფალი კვლავ შეეკითხა სარკეს: „გრძნეულო სარკევ, მითხარი, დედამიწაზე ჩემზე ლამაზი ვინ არის?“
მაგრამ სარკემ ამჯერად სულ სხვა პასუხი გასცა: „ულამაზესი ხარ დედოფალო, მაგრამ თქვენზე ლამაზი ფიფქიაა.“
განრისხებულმა დედოფალმა მსახურს ფიფქიას მოკვლა დაავალა, მაგრამ მსახური კეთილი კაცი იყო. წაიყვანა ფიფქია ტყეში და ურჩია შინ აღარ დაბრუნებულიყო, რადგან ბოროტ დედინაცვალს მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული.
ფიფქია ტყეში დარჩა მარტოდ მარტო. მთელი დღე ხეტიალში გაატარა, მანამ, სანამ ერთ პატარა ქოხს არ მიადგა. გოგონა ქოხში შევიდა და დაღლილს საწოლზე ჩაეძინა. ამ ქოხში ჯუჯები ცხოვრობდნენ. შვიდი პატარა ჯუჯა. სამუშაოდან დაბრუნებულ ჯუჯებს, გოგონამ ყველაფერი დაწრილებით უამბო. ჯუჯებს ძალიან შეეცოდათ ფიფქია და დარჩენის უფლება მისცეს.
მადლიერი ფიფქია ჯუჯებს უვლიდა, სახლს ულაგებდა, სარეცხს ურეცხავდა და საღამოს, სამუშაოდან დაბრუნებულ, დაღლილ ჯუჯებს, გემრიელი ვახშმით უმასპინლდებოდა. შემდეგ კი დაძინებამდე მხიარულად ატარებდნენ დროს.
რაც დრო გადიოდა, ჯუჯებს უფრო მეტად უყვარდებოდათ კეთილი ფიფქია.
სასახლეში კი ბოროტმა დედოფალმა კვლავ ამოიღო ზარდახშიდან ჯადოსნური სარკე და ჰკითხა: „ მითხარი, ვინ არის ამქვეყნად ულამაზესი?“
გრძნეულმა სარკემ უპასუხა: „ულამაზესი ამ ქვეყნად ფიფქიაა“
-„ როგორ! ფიფქია ხომ მკვდარია?“
-„არა,ცოცხალია! ფიფქია შვიდ ჯუჯასთან ერთად ტყეში ცხოვრობს და ძალიან ბედნიერია.“- მიუგო სარკემ.
სიბრაზისაგან აკანკალებულმა დედოფალმა, სარკე ნამსხვრევებად აქცია, გლეხი ქალის კაბა გადაიცვა, მოწამლული ვაშლები კალათაში ჩაიწყო და ტყეში, ჯუჯების სახლისაკენ გაემაართა.
სახლს რომ მიუახლოვდა, დაინახა ფიფქია რომელიც ეზოში ყვავილებს რწყავდა. ბოროტმა ქალმა გოგონას ვაშლები მისცა და უთხრა:
- „ თუ რაიმე სურვილს ჩაიფიქრებ და ვაშლს შეჭამ, აუცილებლად აგისრულდებაო.“
- დაიჯერა ფიფქიამ დედინაცვალის ტყუილი. ვაშლი ჩაკბიჩა და მიწაზე უგონოდ დაეცა.
საღამოს, სამუშაოდან დაბრუნებულ მა ჯუჯებმა, ეზოში უგონოდ მყოფი ფიფქია დაინახეს და მწარედ ატირდნენ. ამ დროს ტყეში ახალგაზრდა უფლისწული, ცხენით სეირნობდა. ჭაბუკს ძალიან მოეწონა ფიფქია. ახლოს მივიდა მასთან, დაიხარა და აკოცა. მოხდა საოცრება. ფიფქია გაცოცხლდა. სასახლეში კი ბოროტი დედოფალი მახინჯ, უკბილო მოხუცად გადაიქცა. მან ხელმწიფეს ყველაფერი მოუყვა და პატიება სთხოვა. გაბრაზებულმა მეფემ ქალი სასახლიდან გააგდო. ფიფქია უფლისწულს გაჰყვა ცოლად. ქორწილში ჯუჯები და ხელმწიფეც დაპატიჟეს. ბევრი სვეს, ბევრი ჭამეს, ბევრიც იმხიარულეს, და ასე მხიარულად ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად.
ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით