ყინულის დედოფალი
-
ერთ დიდ ქალაქში, ერთმანეთის მეზობლად ორი ღარიბი ბავშვი ცხოვრობდა. ბიჭს კაი ერქვა, გოგონას კი გერდა. ბავშვები მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
ერთ სუსხიან, ზამთრის საღამოს, კაიმ, ძილის წინ, გარეთ გახედვა გადაწყვიტა, ფანჯარაში გაიჭყიტა და და თვალი ერთ უმშვენიერეს, თოვლის ფანტელებით მოქსოვილ კაბაში ჩაცმულ ქალწულს მოჰკრა. ქალი ყინულისა იყო, თვალები კი,მოციმციმე ვარსკვლავებივით უბრწყინავდა, თუმცა მათში სითბო არ იგრძნობოდა. ყინულის ქალმა ბიჭს თავი დაუკრა და ყინულის მტვერი შეაფრქვია.
- ვაი! - წამოიყვირა კაიმ. - გულში რაღაცამ მიჩხვლიტა და თვალშიც რაღაც ჩამივარდა! შეშინებულმა გერდამ თვალებში ჩახედა, მაგრამ იქ ვერაფერი ვერ აღმოაჩინა.
- ალბათ ამოვარდა, - თქვა ბიჭმა. მაგრამ ეს ასე არ იყო. ბიჭს გულსა და თვალში ყინულის ნატეხი ჩაუვარდა და თბილი გული ყინულივით ცივი გაუხდა.
ამ ამბის შემდეგ კაი ძალიან შეიცვალა. გერდას, რომელიც ასე ძალიან უყვარდა, ხშირად აბრაზებდა და გულსა სტკენდა.
ერთ დღეს კაი ეზოში, ყინულის მოედანზე ციგით სრიალებდა. უცებ, მოედანზე თეთრად შეღებილი, დიდი მარხილი გამოჩნდა, რომელშიც, თეთრ ქურქში გახვეული ვიღაც იჯდა. კაიმ სწრაფად მიაბა მარხილს თავისი ციგა და მასთან ერთად გასრიალდა. მარხილმა სიჩქარეს მოუმატა და კაი თავისი ციგიანად მოედნიდან გაიტაცა. როცა ქალაქიდან გავიდნენ, მარხილი გაჩერდა და მასში მჯდომი ფეხზე წამოდგა. ეს იყო ულამაზესი ყინულის დედოფალი. მან შეშინებული ბიჭი მარხილში ჩაისვა და თავისი ქურქი შემოახვია. დედოფალმა შუბლზე აკოცა. ყინულივით ცივმა კოცნამ ბიჭს ყველაფერი დაავიწყა.უეცრად თოვლის დედოფალი მასთან ერთად შავ ღრუბლებში აიჭრა. ისინი მთელი ღამის განმავლობაში, ტყეების, ტბების, ზღვების და ხმელეთის თავზე მიფრინავდნენ, გამთენიისას კი, მგზავრობისაგან დაღლილ ბიჭს, ყინულის დედიფლის ფერხთით ჩაეძინა.
დადგა გაზაფხული. სად დაიკარგა კაი, არავინ იცოდა. ამბობდნენ მდინარეში დაიღრჩოო. გერდამ ახალი ფეხსაცმელები ჩაიცვა და მდინარესთან მივიდა.
- მართალია, რომ შენ წაიყვანე ჩემი ძმობილი? - შეეკითხა გერდა. მე შენ ჩემს წითელ წაღებს გაჩუქებ, თუ კაის უკანვე დამიბრუნებ! გოგონამ წაღები გაიხადა და წყალში გადაყარა. მოულოდნელად წყალში ნავი გამოჩნდა. გერდამ ისკუპა და ნავში ჩახტა. ნავს ზვირთები სულ უფრო და შორს მიაქროლებდნენ. ”შეიძლება ნავს კაისთან მივყავარ?” - გაიფიქრა გოგონამ. ნავი ერთ დიდ მდელოსთან გაჩერდა სადაც, იქვე შორი-ახლოს დიდი შავი ყვავი დახტოდა.
- ყვა-ყვა! გამარრჯობა!- ადამიანის ხმით მიესალმა ყვავი და შეეკითხა, რად დაეხეტებოდა მარტო. გოგონამ ყვავს თავისი თავგადასავალი უამბო და ბოლოს შეეკითხა, ხომ არ ენახა კაი. ყვავი ჩაფიქრდა, თავი დაუქნია და უთხრა: მგონი ვნახე! მგონი ვნახე!
ყვავი შეპირდა გერდას რომ დაკარგულ ძმობილს აპოვნინებდა
ყვავმა გერდა სასახლესთან მიიყვანა. ამ სასახლეში ახალგაზრდა პრინცი და პრინცესა ცხოვრობდნენ. ყვავს სწორედ პრინცი ეგონა კაი, მაგრამ ეს ასე არ იყო. გერდამ პრინცს და პრინცესას მთელი თავისი ისტორია მოუყვა.
- პრინცი ადგა და თავისი საწოლი გერდას დაუთმო
მეორე დღეს გერდას ახალი ძვირფასი ტანსაცმელი ჩააცვეს და სთხოვეს სასახლეში დარჩენილიყო. გერდამ სასახლეში რამდენიმე დღე გაატარა, მაგრამ კაიზე ფიქრი ძველებურად მოსვენებას უკარგავდა. დადგა დამშვიდობების დღე. პრინცმა და პრინცესამ გოგონას თბილი ტანსაცმელი აჩუქეს, კარებთან ოქროსფერი, მდიდრულად გაწყობილი ეტლი ჩამოდგა, გერდა ეტლში ჩასვეს და კაის მოძებნა უსურვეს. პატარა გერდას ყვავიც დაემშვიდობა და ნაღვლიანი, მანამ იქნევდა ფრთებს, სანამ ეტლი არ გაუჩინარდა.
ეტლს, უღრანი ტყე უნდა გაევლო სადაც ავაზაკები ცხოვრობდნენ. მათ შეიპყრეს ეტლი, დახოცეს მეეტლე და გერდა გადმოათრიეს. ყაჩაღებსაც ჰყავდათ პატარა გოგონა რომელიც გერდას დაუმეგობრდა და არავის აძლევდა მისთვის ზედმეტის თქმის უფლებას.
გერდამ უამბო ყაჩაღანას, როგორ დაიკარგა კაი და მეგობრის ძებნაში რა გადახდა თავს. ყაჩაღანამ გერდას გალიაში დამწყვდეული მტრედები და დაბმული ირემი ანახა. ისინიც ისმენდნენ გერდას ნაამბობს. უცებ მტრედებმა ჩაიღუღუნეს: ჩვენ ვნახეთ შენი მეგობარი! ყინულის დედოფლის მარხილში იჯდა. ისინი ტყეში მიჰქროდნენ. ყინულის დედოფალი ლაფლანდიაში ცხოვრობს, სადაც მუდმივად თოვლი და ყინვაა.
შესანიშნავი ადგილია! - ჩაილაპარაკა ირემმა, - იქ არის თოვლის დედოფლის საზაფხულო სასახლე, ხოლო მუდმივი ადგილსამყოფელი - ჩრდილოეთ პოლუსთან არის ახლოს, იქ სადაც მე დავიბადე და გავიზარდე.
საღამოს როცა ყველამ დაიძინა, ყაჩაღანამ გოგონა ირემზე შესვა, საჭმელიც მისცა. მადლიერი გოგონა პატარა ყაჩაღანას დაემშვიდობა. ჩრდილოეთის ირემი რამდენიმე დღე შეუჩერებლად მიჰქროდა სანამ ისინი ლაფლანდიადე ჩააღწევდნენ. ისინი ერთი ღარიბული ქოხის წინ შეჩერდნენ. ქოხში მხოლოდ ერთი ლაფლანდიელი დედაბერი დახვდათ. ირემმა ქალს გერდას მთელი თავგადასავალი უამბო.
დედაბერმა ირემს უჩურჩულა: კაი მართლაც ყინულის დედოფალთანაა, მაგრამ იგი ძალზე კმაყოფილია და მიაჩნია, რომ უკეთეს ბედს ვერც ინატრებს. ამის მიზეზი კი, ჯადოსნური ყინულის ნატეხებია, გულსა და თვალში რომ ჩაუვარდა. თუ მას გოგონამ არ უშველა, ყინულის დედოფლის ტყვეობიდან ვერასოდეს განთავისუფლდება. გერდა ძალიან ძლიერი და მამაცი და კეთილი გოგონაა! მას ყველა სიხარულით და თავდადებით ეხმარებიან ადამიანებიც და ცხოველებიც? მან ხომ ფეხშიშველმა ნახევარი ქვეყნიერება შემოიარა! გერდას სიძლიერე მის მოსიყვარულე გულშია, რადგან იგი უმანკო და კეთილი გოგონაა. მან უნდა შეაღწიოს ყინულის სასახლეში და ყინულის ნატეხებისაგან ჯადოსნური სიტყვა "მარადისობა" უნდა ააწყოს. სწორედ ეს სიტყვა იხსნის კაის.
გერდამ დედაბერს დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა,ირმის ზურგზე შესკუპდა და ცხოველიც იმ წამსვე მთელი სისწრაფით გავარდა წინ და მანამ არ შეჩერებულა, სანამ ყინულის დედოფლის დარბაზებს არ მიადგა.
ყინულის დედოფლის სასახლის კედლები ყინულისაგან იყო ნაშენები. უზარმაზარ დარბაზებს ჩრდილოეთის შუქი ანათებდა.
დედოფალი შინ არ იმყოფებოდა. ის რამდენიმე დღით თბილ ქვეყნებში იყო წასული.
დარბაზის შუაში კაი ყინულის ბრტყელ, მჭრელ კიდეებიანი ნატეხებს ერთმანეთზე აწყობდა.
ყინულის სასახლეს გერდა მიადგა. გოგონა უზარმაზარ ცარიელ დარბაზში შევიდა და კაი დაინახა. მან უმალვე იცნო ბიჭი, ის წყნარად მიუახლოვდა ბიჭს, მის გვერდით ჩამოჯდა და ნატეხებისაგან სიტყვა "მარადისობა" დაწერა. კაი შეკრთა, თითქოს რაღაც გაახსენდა. გერდა ყელზე შემოეხვია, გულში ჩაიკრა და აღტაცებით შესძახა: კაი, ჩემო ძვირფასო კაი! როგორც იქნა გიპოვნე!
ბიჭი კი ისევ უძრავად იჯდა, თითქოს რაღაცას იხსენებდა. მაშინ გერდა მდუღარე ცრემლებით ატირდა. ცხელი ცრემლები კაის მკერდზე დაეცა, გულში შეაღწია, გაყინული გული გაულღო და მასთან ერთად ჯადოსნური სარკის ნამსხვრევებიც. ბიჭმა შეხედა გერდას, თვალები ცრემლებით აევსო და ისე ცხარედ ატირდა, რომ ცრემლებთან ერთად თვალებიდან ყინულის ნატეხებიც გადმოუვარდა. კაიმ ახლა კი იცნო თავისი დობილი.
გერდამ კაის ლოყებზე აკოცა და ორივე ლოყა წამსვე წითლად აუღაჟღაჟდა; აკოცა თვალებში და თვალებშიც ძველებური სითბო ჩაეღვარა; შემდეგ ხელ-ფეხი დაუკოცნა და ისინიც ხელად გათბნენ. თოვლის დედოფალმა თავისი გავლენა დაკარგა კაიზე და ამის საბუთი ყინულის ბრწყინავი ნატეხებით დაწერილი სიტყვა ”მარადისობა” იყო.
კაი და გერდა ყინულოვანი დარბაზიდან ხელიხელ ჩაკიდებულნი გამოვიდნენ. სასახლის შესასვლელთან მათ ჩრდილოეთის ირემი ელოდებოდათ. რამდენიმე დღეში ისინი მშობლიურ ქალაქს მიადგნენ. ბედნიერები ნაცნობ კიბეებს აუყვნენ და ოთახში შევიდნენ, სადაც ყველაფერი ძველებურად დახვდათ. კაი და გერდა თავთავიანთ სკამებზე დასხდნენ, ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და ყინულის დედოფლის გაყინული, ცარიელი დარბაზები ცუდი სიზმარივით დაავიწყდათ.
ჰანს ქრისტიან ანდერსენიც ზღაპრის "თოვლის დედოფლის"მიხედვით