ალისფერი ყვავილი
ერთ მდიდარ ვაჭარს სამი ქალიშვილი ჰყავდა, სამივე ულამაზესი, მაგრამ უმცროსი ყველაზე ლამაზი იყო, ამასთანავე ყველაზე კეთილიც.
ერთხელ ვაჭარმა უხმო თავისთან სამივე ქალიშვილს და უთხრა, რომ სამ დღეში სავაჭროდ გამგზავრებას აპირებდა უცხო მხარეში და ქალიშვილებს იმ საჩუქრებს ჩამოუტანდა, რომლებსაც მოისურვებდნენ.
უფროსმა ქალიშვილმა ძვირფასი ქვებით გაწყობილი, ოქროს გვირგვინი მოითხოვა.
შუათანა ქალიშვილმა ჯადოსნური სარკე დააბარა მამას, რომელშიც ყველაფერი ლამაზი და უბერებელი გამოჩნდებოდა და მასში ჩახედვის შემდეგ ადამიანი უფრო ლამაზი გახდებოდა.
უმცროსმა ქალიშვილმა, კი ალისფერი ყვავილის ჩამოტანა სთხოვა, რომლის სილამაზეზეც ქალაქში ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ.
ვაჭარი დაჰპირდა ქალიშვილებს, რომ საჩუქრებს აუცილებლად ჩამოუტანდა და მეორე დღესვე გაემგზავრა სავაჭროდ.
გავიდა ხანი. ვაჭარმა ბევრი ივაჭრა უცხო მხარეში. უამრავი საქონელი იყიდა და უამრავიც გაყიდა. როცა საქმეებს მორჩა, გადაწყვიტა ქალიშვილების დანაბარები საჩუქრები ეყიდა.
უფროსი და შუათანა ქალიშვილების საჩუქრებს ადვილად მიაგნო. ალისფერი ყვავილი კი ვერ იშოვა.
ბევრი ძიების შემდეგ ვაჭარი ერთ სასახლეს მიადგა, რომლის ფანჯრებიდანაც ულამაზესი მუსიკის ჰანგები ისმოდა. სასახლეს გარშემო უზარმაზარი ლამაზი ბაღი ეკრა, ალაყაფის კარები კი ღია იყო. სასახლის ბაღი ისეთი ლამაზი იყო, რომ ვაჭარმა მისი დათვალიერება გადაწყვიტა. ეზოში შევიდა და ბაღში ნანახი საუცხოო ყვავილებისა და მცენარეების სილამაზით გაოგნებული დარჩა. ბაღის შუაგულში, ულამაზესი ალისფერი ყვავილი, თავისი ჯადოსნური შუქით, იქაურობას ანათებდა. ყვავილის საოცარი სურნელით მთელი ბაღი იყო გაჟღენთილი. მის დანახვაზე ვაჭარს სუნთქვა შეეკრა.
- "ალისფერი ყვავილი"-აღმოხდა ვაჭარს. ახლოს მივიდა და ყვავილი მოწყვიტა. არაადამიანურმა ღრიალმა იქაურობა გააყრუა.
- "როგორ გაბედე!"- გაისმა ვაჭრის უკან ხმა. დაზაფრულმა ვაჭარმა უკან მოიხედა და დაინახა უშველებელი, ბანჯგვლიანი, საზარელი ურჩხული.
-" მაგ დანაშაულისათვის სიკვდილი გელის!“
შეშინებულმა ვაჭარმა ურჩხულს შეჰღაღადა:
-"არ დამსაჯო, არ მქონია ბოროტი განზრახვა. უმცროსმა ქალიშვილმა მთხოვა მიმეტანა ალისფერო ყვავილი, ბევრი ვეძებე და აქ ვიპოვე. თუ შეგიძლია მაპატიე."
-"გაგიშვებ მხოლოდ იმ პირობით შინ ცოცხალს, თუ შენს მაგივრად, შენს უმცროს ქალიშვილს გამომიგზავნი. გპირდები აქ არაფერი მოაკლდება. მარტო ვარ და ცოტა ხნით ხმის გამცემი მეყოლება."-უპასუხა ურჩხულმა.
ამის გაგონებაზე ვაჭარს თავზარი დაეცა. გაოგნებულმა ამილუღლუღა:
- "თუ კი არ მოინდომა ჩემმა ქალიშვილმა წამოსვლა?"
- "ძალით არავის არ ვაიძულებ აქ მოსვლას. თუ არ წამოვა, მაშინ შენ დაბრუნდები და საშინელი სიკვდილით მოკვდები. აიღე ჩემი ბეჭედი. როგორც კი ნეკა თითზე გაიკეთებს, მაშინვე აქ გაჩნდება. ვადას სამ დღეს გაძლევ."
დაასრულა თუ არა ურჩხულმა სიტყვა, ეზოში დიდძალი სიმდიდრით დატვირთული ეტლი გაჩნდა. ურჩხულმა ვაჭარს ბეჭედი გადასცა. ვაჭარი ჩაჯდა ეტლში, ნეკა თითზე ბეჭედი წამოიცვა და წამში თავის ქალიშვილებთან გაჩნდა.
მამის დანახვა ძალიან გაუხარდათ ქალიშვილებს, თუმცა არც მისი უგუნებობა გამოჰპარვიათ. ჰკითხეს მშობელს უგუნებობის მიზეზი და ვაჭარმაც დაწვრილებით უამბო ალისფერი ყვავილისა და ურჩხულის ამბავი. ამის გაგონებაზე უმცროსი გოგონა ფეხზე წამოდგა და მამას უთხრა:
- "დამლოცე მამიკო, წავალ ურჩხულთან. ნურაფრის დარდი ნუ გექნება."
აცრემლებულმა მამამ დალოცა ქალიშვილი. გოგონამ აიღო ალისფერი ყვავილი, გამოართვა მამას ბეჭედი, გაიკეთა ნეკა თითზე და უმალ ურჩხულის სასახლეში გაჩნდა.
უზარმაზარი სასახლის სილამაზით აღფრთოვანებული ქალი, დარბაზების და იქ განთავსებული ნივთების მშვენიერებით ტკბებოდა. ქალიშვილი ერთი ულამაზესი დარბაზიდან, სხვა გაცილებით უკეთეს დარბაზში გადიოდა და იქ უფრო მეტი მშვენიერების ნივთები ხვდებოდა. ბოლოს ვაჭრის ასული სასახლის დიდ ბაღს მიადგა. მშვენიერი ბაღის სილამაზემ გააოგნა. ბაღში ლამაზი მუსიკა და ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა. შადრევნებიდან წყალი მოჩუხჩუხებდა. გოგონა იმ ადგილს მიუახლოვდა საიდანაც მამამისმა ალისფერი ყვავილი მოწყვიტა. ასულმა ყვავილის დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ყვავილი თვითონ გაფრინდა, ბუჩქს მიეკრა და უფრო მეტად აციმციმდა.
ბაღის შუაგულში სუფრა იყო გაშლილი. გოგონამ გაიფიქრა:
- "როგორც ჩანს ურჩხული არ მიბრაზდება."
ამის გაფიქრებაც კი ვერ მოასწრო, რომ იქვე მდგარ მარმარილოს კედელზე წარწერა გამოისახა. "ნუ გეშინია, რასაც მოისურვებ ყველაფერი აგისრულდება."
ქალიშვილმა მამასთან წერილის გაგზავნა მოისურვა და მაშინვე მაგიდაზე ფურცელი და კალამი გაჩნდა. გოგონამ მამას მისწერა წერილი რომ მასზე არ ენაღვლათ, და რომ ურჩხულის სასახლეში დედოფალივით ცხოვრობდა.
გავიდა ხანი. ვაჭრის ქალიშვილი თავს ყოველ დღე უფრო მეტად ბედნიერად გრძნობდა. ყველა სურვილი უსრულდებოდა და უჩინარი მოსამსახურეები ემსახურებოდნენ. ურჩხულთან კი წარწერებით ურთიერთობდა.
ქალიშვილს მართალია ურჩხული არ ენახა, მაგრამ მის უდიდეს მზრუნველობასა და პატივის ცემას აშკარად გრძნობდა. გოგონა ხვდებოდა რომ სასახლის პატრონი უფრო და უფრო უყვარდებოდა.
ერთ დღესაც ქალიშვილმა ურჩხულის ხმის გაგონება გადაწყვიტა. ბევრი ხვერწნა მუდარის შემდეგ დაითანხმა. ურჩხულის საზარელმა ხმამ გოგონას გული გადაუქანა, თუმცა არაფერი შეიმჩნია. თანდათან შეეჩვია ამ ხმას და ხიბლავდა კიდეც მისი ჭკვიანური საუბარი.
დრო გადიოდა. ვაჭრის ასულს ერთი სული ჰქონდა ენახა ურჩხული, მაგრამ ურჩხული არ თანხმდებოდა. ეშინოდა ჩემმა გარეგნობამ არ დააფრთხოსო. დიდი მცდელობის შემდეგ დაითანხმა. საღამო ხანს გოგონა ჩავიდა ბაღში. იქ სადაც ალისფერი ყვავილი ხარობდა, დაინახა ურჩხული. მისმა საშინელმა იერმა ქალიშვილი გააოგნა. ურხული შემოტრიალდა და ბაღში გულწასული ვაჭრის ასული დაინახა.
ტირის ურჩხული. თავის თავს ადანაშაულებს, რომ არ უნდა დასთანხმებოდა ქალს და არ უნდა ეჩვენებინა თავისი სახე. როდესაც ქალიშვილი გონზე მოვიდა, დაინახა დანაღვლიანებული ურჩხული როგორ განიცდიდა, მის მიმართ გული მოულბა. უფრო მეტად დარწმუნდა ურჩხულის დიდ სიყვარულში. თავი ხელში აიყვანა, სძლია შიშს და ურჩხული დაამშვიდა:
-"არ მეშინია შენი, ამის შემდეგ სულ ერთად ვიქნებით!"
მართლაც, ქალიშვილი და ურჩხული მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ, ერთად სადილობდნენ და ერთად ვახშმობდნენ, ბაღშიც ერთად დასეირნობდნენ.
ერთხელ გოგონამ სიზმარში ავადმყოფი მამა ნახა. გაღვიძებულს გულს დარდი შემოაწვა. დადარდიანებულმა ურჩხულს სთხოვა რამდენიმე დღით გაეშვა მამისა და დების მოსანახულებლად. ურჩხულმა უთხრა ქალიშვილს:
- "რატომ მითანხმდები, ოქროს ბეჭედი ხომ შენ გაქვს. შეგიძლია იმდენ ხანს დარჩე მამაშენთან, რამდენსაც მოინდომებ. თუმცა თუ სამ დღეში არ დაბრუნდები, დარდით მოვკვდებიო."
გაიკეთა ქალიშვილმა ოქროს ბეჭედი და მაშინვე მამის სახლში გაჩნდა. გაიხარეს მისი დანახვით, მოხუცმა მამამ და დებმა. გაკვირვებულები უყურებდნენ მის მდიდრულ ტანსაცმელს. ძალიან უხაროდა მოხუც ვაჭარს, მის ქალიშვილს რომ ასეთ ლაღს და ბედნიერს ხედავდა. ქალიშვილი უამბობდა თავის დებს როგორ უყვარდათ ერთმანეთი მას და ურჩხულს და რომ სულაც არ ეშინოდა მისი.
სამმა დღემ უცებ გაირბინა. ქალიშვილს ძალიან ენატრებოდა ურჩხული. დებს არ უნდოდათ მისი გაშვება და საათების ისრები ერთი საათით უკან გადასწიეს. თუმცა ქალიშვილს გული უგრძნობდა, რომ აგვიანებდა. აღარ დაელოდა დათქმულ დროს, წამოიცვა ბეჭედი თითზე და იმ წამსვე სასახლეში გაჩნდა.
- "დავბრუნდი, ჩემო მბრძანებელო!"- დაიძახა ქალიშვილმა, მაგრამ არავინ არ გამოეპასუხა. გულმა ცუდს უგრძნო. მაშინვე ბაღში ჩაირბინა და იქ სადაც ალისფერი ყვავილი ყვაოდა, მკვდარი ურჩხული დაინახა.
ტირის ასული, მოსთქვამს, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდის:
-" გაიღვიძე ჩემო მეგობარო, ჩემო ძვირფასო და საყვარელო საქმროვ!"
მოულოდნელად იქუხა. ქალიშვილს გული წაუვიდა და როცა გონს მოვიდა მის წინ მდაგარი, ახოვანი ლამაზი და ძირფას ტანსაცმელში ჩაცმული უფლისწული დაინახა, რომელსაც თავზე ოქროს გვირგვინი ედგა. უფლისწულმა ვაჭრის ასულს უთხრა:
-"მშვენიერო ასულო, მიუხედავათ იმისა რომ, საშინელი შესახედაობა მქონდა, მაინც შემიყვარე და დააფასე ჩემი კეთილი გული.
პატარა ბავშვი ვიყავი როცა ბოროტმა ჯადოქარმა მომიტაცა და საშინელ ურჩხულად მაქცია, შემდეგ კი საშინელი წყევლით დამწყევლა. თუ ვინმე ასეთ საშინელს მაინც შემიყვარებდა და ცოლად გამოყოლას მოინდომებდა, მაშინ წყევლას ძალა დაეკარგებოდა. შენ აღმოჩნდი ასეთი და ამიტომ ჩემი სახელმწიფოს დედოფალი გახდები."
ყველას გაუკვირდა ეს ამბავი. ვაჭარმა დალოცა თავისი ქალიშვილი და უფლისწული. ნეფე-პატარძალს დიდი ბედნიერება უსურვეს ვაჭრის ასულის დებმა. დიდებული ნადიმი და ქორწილი გამართეს.
მეც ვიყავ ქორწილში, ბევრი ვჭამე და ვსვი, მაგრამ პირში წვეთი არ ჩამსვლია.
რუსული ხალხური ზღაპრების მიხედვით